Monday, December 7, 2009

ავტობიოგრაფია ისლანდიურად

მე ერთი ჩვეულებრივი, არაფრითგამორჩეული ისლანდიელი ბიჭი ვარ. სახელად ზალდორ მელმუდსონი მქვია, დავიბადე 1989 წელს, რეიკიავიკში. ერთი წელიც და სკოლას დავამთავრებ. ისლანდიის საზღვრები არასოდეს გადამილახავს და სხვა ქვეყნებზე ბევრი არაფერი ვიცი, ”დისქავერის” გადაცემებით მიღებულ ინფორმაციას თუ არ ჩავთვლით. გაძლიერებულად ვსწავლობ უცხო ენებს. ეს დედაჩემის დამსახურებაა, თვითონ ჩვენს სკოლაში ინგლისურს ასწავლის.

დედას ერლინ გუდმუნდსდოტირი ჰქვია. მალე 43 წლის გახდება და მინდა, დაბადების დღეზე რაიმე განსაკუთრებული ვაჩუქო. წინასწარ მოვიარე მაღაზიები, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერაფერი შევარჩიე.

ჩემს ცხოვრებაში თითქმის არაფერი იცვლება. პოლარული ნათება ოთხი წლის ასაკიდან მახსოვს.

ჩვენი სახლები ბუნებრივად ცხელი წყლით თბება და ეს სულაც არ გვიჯდება ძვირი. ისლანდიაში ატომური ელექტროსადგურები არ გვჭირდება და როგორც ამბობენ, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში ეკოლოგიურად ყველაზე სუფთაა.

დედაჩემის თხოვნით ინგლისურის გარდა, რომელიც ბავშვობიდან კარგად ვიცოდი, კიდევ ორ უცხო ენას ვსწავლობ: ესპანურსა და ფრანგულს. დედა ხელს მიწყობს, ჩემთვის ყიდულობს ესპანურ და ფრანგულ ფილმებს, საღამოობით ერთად ვსხდებით, ისლანდიურ სუბტიტრებს გამოვურთავთ და მე ვცდილობ, ვუთარგმნო. დედას ყველაზე მეტად ერთი ესპანური ფილმი მოეწონა, რომელშიც დაახლოებით ჩემი ასაკის ბიჭი დედამისის შესახებ რომანის წერას იწყებს, მაგრამ მალევე იღუპება.

მამა არ მახსოვს. როგორც დედამ მიამბო, მეთევზე ყოფილა და ჩემს დაბადებამდე დამხრჩვალა ოკეანეში. მისი გვამი ვერ უპოვიათ. დედას არ უყვარს, ამ ამბავს რომ ვახსენებ.

ფრანგულს მადმუაზელ ირენი გვასწავლის. ის ნახევრად ფრანგი და ნახევრად ისლანდიელია. მას მერე, რაც საფრანგეთში დედა გარდაეცვალა, რეიკიავიკში გადმობარგდა მამისეულ სახლში. დედაჩემის თხოვნით მადმუაზელ ირენი დამატებით გაკვეთილებს მიტარებს ფრანგულში.

მადმუაზელ ირენი საერთოდ არ ჰგავს ისლანდიელს. ბუნებრივად მუქი ფერის თმას ქერად იღებავს და სათვალეს ატარებს. დაახლოებით 30 წლის იქნება. სხვა მასწავლებლებთან არ მეგობრობს. როცა ისინი პიკნიკს ან გეიზერებზე ექსკურსიებს აწყობენ, ირენი საქმეებს იმიზეზებს და შინ რჩება.

დედა ყველას უყვარს, ძალიან აფასებენ, როგორც ინგლისური ენის საუკეთესო მასწავლებელს. ირენი მისი რეკომენდაციით მიიღეს სკოლაში.

დედამ ერთხელ მითხრა, სფრანგეთში მოგზაურობისას ირენის მშობლებმა ჩემთვის არაფერი დაიშურეს, გულუხვად გამიმასპინძლდნენ, მართალია, თვითონ რუანში ცხოვრობდნენ, მაგრამ პარიზში თავიანთ მეგობრებს დაუკავშირდნენ და სთხოვეს, ჩემთვის ყურადღება მოექციათ. მაშინ ირენი სკოლის მოსწავლე იყო და მწერლობაზე ოცნებობდაო.

ჩემი კლასელი ბიჭები ზემოდან მიყურებენ, იმიტომ, რომ მე შეყვარებული არა მყავს და როცა გოგოებზე იწყებენ ლაპარაკს, მაშინვე გავდივარ საკლასო ოთახიდან. მაგათ ჰგონიათ, რომ მრცხვენია...

მადმუაზელ ირენის პირველი გაკვეთილი კარგად მახსოვს. სექტემბერი იყო. გულამოღებული ვარდისფერი სვიტერი და მოკლე კაბა ეცვა. გოგოებმა პირველივე დასვენებაზე გაჭორეს – რა ვულგარულიაო. განსაკუთრებით მისი ქერად შეღებილი თმა არ მოეწონათ და კიდევ ოდნავ დაჭორფლილი სახე. ჰელგამ და ინგრიდმა ისიც კი გაბედეს, რომ მომდევნო გაკვეთილზე, სანამ ირენი საკლასო ოთახში შემოვიდოდა, დაფაზე წითელი მარკერით დაწერეს: ”როცა ქალს ჭორფლიანი კანი აქვს, სახეზე ტონალური კრემი უნდა წაისვას. ისლანდიაში ასე იქცევიან ნორმალური ქალები.”

იმ დღეს მადმუაზელ ირენმა ჩვეულებრივად დაიწყო გაკვეთილი:
- BBon jour, mes pauvres petits, - ოდნავ გაგვიღიმა, დაფას თვალი შეავლო და ფრანგული აქცენტით ამოიკითხა ჩვენი გვარები. ჰელგა და ინგრიდი მოუსვენრად ცქმუტავდნენ. ერთი სული ჰქონდათ, მოესმინათ, მასწავლებელი რას იტყოდა.
- ჰელგა, ინგრიდ, s’il vous plait, , დაფა გაასუფთავეთ და ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ჩემს გაკვეთილებზე ამდენ სამკაულს ნუ აისხამთ და წითელ პომადასაც ერიდეთ! დიდი ქალივით გამოპრანჭულ ბავშვზე უფრო ვულგარული სანახავი ამქვეყნად არაფერი მეგულება. მერწმუნეთ, ამ საკითხში თქვენზე უკეთ ვერკვევი, - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა მადმუაზელ ირენმა და აუღელვებლად გადავიდა ფრანგულზე.

ეჭვი მაქვს, რომ დედამ ტყუილად არ მიმაბარა მადმუაზელ ირენს. ყველა დანარჩენი მასწავლებელივით მასაც აინტერესებს ახალგაზრდა ფრანგი ქალის საიდუმლოებები.

ირენს რეიკიავიკის ცენტრში პატარა სახლი აქვს, წიგნების მაღაზია “ლიბრის ისლენსკუსთან” ახლოს. ირენი ერთადერთია მთელს რეიკიავიკში, ვინც ამ მაღაზიაში ფრანგულ წიგნებს უკვეთავს. თითქმის ყოველ თვე მის სახელზე ფრანგული წიგნების ფუთა მოდის, უკვე საკმაოდ ბევრი დაუგროვდა. მე მგონი, სათვალესაც სწორედ ამიტომ ატარებს, ბევრი კითხვით მხედველობა გაიფუჭა.

ფრანგულის ცოდნაში ვერცერთი კლასელი ვერ შემედრება. ცოტაც და, სერიოზული წიგნების კითხვას დავიწყებ. როგორც ირენმა მითხრა, ჩემთვის უკვე შედგენილი აქვს წასაკითხი მწერლების სია.

დედაჩემს უნდა, რომ მწერალი გავხდე. ისლანდია პატარა ქვეყანაა, არც ისე ბევრი ცნობილი მწერალი გვყავს, ნობელის პრემია კი მხოლოდ ერთმა მიიღო... მოდი, ვცადოთ, იქნებ შენგან მეორე ჰალდორ ლაქსნესი დადგესო.

საჩუქარზე რომ ვფიქრობდი, ერთი პირობა ასეთი აზრი მომივიდა: იქნებ დედას პატარა ნოველა მივუძღვნა, ძალიან გაუხარდება-მეთქი. სათქმელად ადვილია, მაგრამ განსაკუთრებული ვერაფერი მოვიფიქრე. სამი ვარიანტი დავწერე, სამივეში დედაჩემი იყო მთავარი პერსონაჟი. ნოველები პოლარული ნათების აღწერით იწყებოდა, შემდეგ დედას ვახასიათებდი და სწორედ ამ მონაკვეთს ვერ გავცდი. აჯობებს, დედას ყვავილები ვაჩუქო. ძვირფასი საჩუქრის ყიდვას აზრი არა აქვს, ჯიბის ფულს ხომ თვითონ მაძლევს. ისე გამოვა, თითქოს ფული უკანვე დავუბრუნე.

ჩემს კლასში ყველა გოგოს კლაენგური უყვარს. სპორტსმენია, ისლანდიის ხელბურთელთა ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობს. სკოლაში მაღალ ნიშნებს უწერენ, თუმცა, ცუდად სწავლობს, განსაკუთრებით უცხო ენები არ ეხერხება. ბევრ ქვეყანაშია ნამყოფი, ყველგან, სადაც კი ისლანდიის ნაკრებს უთამაშია.

ერთხელ ბიჭები სკოლის ეზოში შეკრიბა და მორიგი თავგადასავლების მოყოლა დაიწყო. ფრანგ გოგოებზე ყვებოდა, ერთს ისე მოვეწონე, რომ მატჩის შემდეგ გასახდელში შემოვიდა და თავისი ტელეფონის ნომერი მომცაო. იმ საღამოსვე სახლში მივადექი და მაგარი სექსი გვქონდაო. ბიჭები ახვიხვინდნენ, კლაენგურ, წესიერად მოყევი, რა და როგორ იყოო. კლაენგურმა ჯერ თავი დაიფასა, უარზე იყო, მაგრამ ცოტა ხანში სახეზე თავდაჯერებული ღიმილით შეუდგა მოყოლას. ბიჭები შიგადაშიგ აღფრთოვანებისაგან იგინებოდნენ და სიტყვას აწყვეტინებდნენ.

- იტყუები, კლაენგურ!
- რა? – კლაენგურს ყბა ჩამოუგრძელდა, ჩემგან ასეთ თავხედობას არ ელოდა.
- რა და, იტყუები-მეთქი!
- შენ ვინ გეკითხება, ჭკუის კოლოფო?
- არავინ, უბრალოდ, გვატყუებ! – ავდექი და სწრაფი ნაბიჯით შევბრუნდი სკოლაში.

კლაენგური მართლა იტყუებოდა. ფრანგი გოგოები ასეთები არ არიან. მე მაინც ნუ მასწავლის! ქერად შეღებილ თმას მარცხენა ხელით ნაზად გადაიწევენ უკან, სათვალეს მოიხსნიან და თითქოს უსათვალოდ უფრო ცხადად გხედავენ. მუქ თვალებში თბილი ნაპერწკალი უჩნდებათ. მერე, სანამ შენ წინასწარ მომზადებულ თემაზე ფრანგულად შენს აზრებს უყვები, მაგიდის ქვეშ ფეხს ფეხზე გაბჯენენ. იდაყვებით მაგიდას ეყრდნობიან. ისე, რომ საშინაო მაისურიდან ძუძუები უჩანთ. სასიამოვნო სუნი ასდით, რაღაცნაირად თბილი. ხვდები, რომ ეს სუნამოა ან რაიმე სხვა კოსმეტიკა, მაგრამ სუნი იმდენად მათია, ვერც გამოარჩევ ხელოვნურისგან. ფრანგ გოგოებს უბრალოდ ასეთი სასიამოვნო სუნი ასდით. მერე სიტყვას გაწყვეტინებენ, ნაზად გიღიმიან, უკვე რა კარგად ისწავლე ფრანგული, სრულიად გამართულად ლაპარაკობო. ტუჩებს ისე ამრგვალებენ, რომ ძალიან უხდება ამ ყველაფერს ფრანგული სიტყვა ”ბუშ”. არა, ფრანგი გოგოები ისლანდიელებს არ ჰგვანან. ფრანგი გოგოები ასე გეცნობიან: ”ჰეიტირ ირენ” და ისეთი სასიამოვნო ფრანგული აქცენტი აქვთ, რომ ტანში ჟრუანტელი გივლის. მაგიდის ქვეშ ფეხს ფეხზე გაბჯენენ, აუჩქარებლად მოცოცავენ მაღლა და როცა მუხლამდე მოაღწევენ, ისეთ ფრანგულ სიტყვებს გეუბნებიან, რომელიც სახელმძღვანელოში არ წერია. ამ სიტყვების გაგონებაზე კალამს მაგიდაზე დააგდებ და აკანკალებულ ხელს მათკენ გაიწვდი, მათ ნიკაპს ეხები. სულ გავიწყდება, რა ჰქვია ნიკაპს ფრანგულად, გაშლილი ხელისგულით ეფერები და რატომღაც გეჩვენება, რომ ნიკაპს ”ირენ” ჰქვია ფრანგულად, ტუჩებსაც, ოდნავ რომ გახსნიან და იმ კბილებსაც, ოდნავგახსნილი ტუჩებიდან შენს თითებს რომ ეხებიან. ენასაც ”ირენ” ჰქვია ფრანგულად, ოდნავ საგრძნობად რომ შეგეხება თითზე. იმ მიზიდულობის ძალასაც ”ირენ” ჰქვია ფრანგულად, რომელიც მათთან ახლოს მიგწევს და მათ თვალებში ჩაგახედებს. იმ შეგრძნებასაც ”ირენ” ჰქვია, ზურგზე რომ თითების შეხებას იგრძნობ.

კლაენგურმა არ იცის ფრანგული. ინგლისურიც უჭირს. რა თქმა უნდა, კლაენგური იტყუება, როცა ფრანგი გოგოს ამბავს ჰყვება.

მე მგონი, ჰელგას მოვწონვარ. ცდილობს ჩემთან ახლოს იყოს. სკოლის სასადილოში გვერდიდან არ მშორდება. სასაცილო გოგოა, კლასელებს შორის ყველაზე მაღალია, წითური თმა აქვს.

დედას აინტერესებს, როგორ ცხოვრობს მადმუაზელ ირენი, საყვარელი თუ ჰყავს. ერთხელაც ვერ მოითმინა და პირდაპირ მკითხა, რაიმე ხომ არ იციო. მე ვუთხარი, მადმუაზელ ირენის შესახებ მოთხრობას დავწერ და წაგაკითხებ-მეთქი. დავპირდი და უნდა შევუსრულო. შეიძლება, სულაც არ მოეწონოს.

სამი დღე ვწერდი. შედეგით უკმაყოფილო ვარ, უკეთესადაც შემეძლო. წარმომიდგენია, დედას რა დაემართება, რომ წაიკითხავს.

”ჩვენს პატარა ქალაქში ძალიან ცნობილი ფრანგი მწერალი ქალი ჩამოვიდა. საფრანგეთიდან გამოიქცა, ჟურნალისტებსა და თაყვანისმცემლებს ემალება, რეიკიავიკში მყდუროდ მოეწყო და ახალი რომანის წერას შედუგა. სახელიც შეიცვალა ”ირენ სიგურდსდოტირი” დაირქვა. ფრანგულ ლიტერატურულ გაზეთში ვნახე ერთხელ მისი ფოტო.
უკვე ერთი წელია, რეიკიავიკის გიმნაზიაში ფრანგულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.
უცნაური ქალია, ისეთი მზერა აქვს, გეგონება, სათავლე ეს-ესაა მოიხსნაო. მის წაბლისფერ თმას თითქოს შერჩენია ქერა საღებავის კვალი. დაახლოებით 30 წლის იქნება და გარეგნობაც სწორედ ასეთი აქვს. პირველი შეხედვისთანავე იტყვი: ” ეს ქალი დაახლოებით 30 წლის იქნებაო” და ასაკზე მეტად მის უცნაურობას იგულისხმებ. ”დაახლოებით 30 წლის” ქალის, უფრო სწორედ, ტროპიკული ხილის სურნელი აქვს. ვერ იტყვი, რომ ტკბილია ან მლაშე, ბოლომდე უმწიფარ მანგოს უფრო ჰგავს, თუ კანს საგულდაგულოდ არ შემოაცლი და რბილ შიგთავსთან ერთად ცედრასაც ჩააყოლებ... მაგრამ ეს უკვე გემოა და არა – სურნელი. სწორედ ასეთია, ”დაახლოებით 30 წლის”, სურნელთან ერთად გემოსაც რომ გაგრძნობინებს. თვალები ღუმელში შემწვარი წაბლის ფერი აქვს. ალბათ, იმიტომ, რომ ფრანგია, ფრანგებს ყველაზე მეტად უყვართ შემწვარი წაბლი. ჰო, წაბლის სურნელიც ასდის, ოღონდ ოდნავსაგრძნობი, ძალიან ახლოს უნდა მიხვიდე, რომ შეიგრძნო, ხელი უნდა შეახო, თეძოდან მაღლა, ძუძუებამდე უნდა ააყოლო ხელი და ეს სურნელი თუ გემო შენც გადმოგედება.
უცნაური ქალია. თუ შეეხები, შემოდგომაზე ნაჭამი კომშის გემო გაგახსენდება. დაღეჭილი ლუკმა სასიამოვნოდ რომ გადასრიალდება ყელში და ენის კიდეებში უცნაურ სიმშრალეს დაგიტოვებს. კანი აქვს ასეთი, მშრალი და მოსაფერებლად ხავერდივით სასიამოვნო. თითქოს გაჩერებს, წინააღმდეგობას გიწევს, ოღონდ არა თვითონ, უბრალოდ კანი აქვს ასეთი – არასრიალა.
მაგიდაზე საბეჭდი მანქანა უდგას. საშხაპიდან გამოდის და სანამ შენ იქვე მდგარ საწოლში ნებივრობ, საშინაო ხალათმოცმული მიუჯდება მაგიდას და საბეჭდ მანქანაზე რაღაცას კრეფს. თითებს ისე უკაკუნებს, რომ თითოეულ სიტყვას სულ ადვილად გაიგონებ. მერე გეჩვენება, რომ მხოლოდ ხელებით არ ბეჭდავს, მთელი ტანით ირხევა ტაქტში. ასე გრძელდება დიდხანს, სანამ მისი ცქერით არ გაძღები, სანამ სველი თმა ნელ-ნელა არ შეაშრება და მზის სინათლე იმდენად არ დასუსტდება, რომ მაგიდის ლამპას აანთებს.
მისი სურნელი საწოლში რჩება და სულ ოდნავ შენიც ხდება. უცნაურია, მაგრამ სულ არ გრცხვენია მისი, მთელი ეს დრო თავში აზრადაც არ მოგდის, ზეწარი გადაიფარო. გინდა, გიყუროს, ხელებს თავქვეშ ამოიდებ და თითქოს განზრახ აჩვენებ იღლიაში ამოსულ თმას, მუცელზეც არ ტრიალდები, გიყუროს! კარგად დაინახოს, რომ ბოქვენზე თმა ამოგივიდა, კარგად დაინახოს ასოც, დაკუნთული ფეხებიც და ძლიერი, უკვე თითქმის მამაკაცური მკერდი. სახეზეც განზრახ და ხშირ-ხშირად ისვამ ხელს. კარგად დაინახოს, რომ გასაპარსი ხარ.
თუმცა ირენი თავისთვის ზის და ბეჭდავს. უცანური შეგრძნებაა – რატომღაც გეჩვენება, რომ ეს ყველაფერი, რასაც ასე საგულდაგულოდ აჩვენებ, შენკენ მოპყრობილი ყურით ესმის. ვერაფერს ხედავს, იმიტომ, რომ აღარ გიყურებს, მაგრამ ყველაფერი ესმის და ყველაფერი თითებით გადააქვს ქაღალდზე. თითქოს დარწმუნებული ხარ, რომ შენს შესახებ წერს, შენ ხარ მისი ახალი რომანის მთავარი პერსონაჟი და ძალიან ამაყობ ამით.
”დაახლოებით 30 წლის ქალი” სწორედ ამას ნიშნავს.
რა დამთხვევაა, რომ ეს ქალი თაყვანისმცემლებს ჩვენს ქალაქში დაემალა. საფრანგეთიდან სწორედ ჩვენთან ჩამოვიდა, უფრო სწორედ, ჩემთან.”

მეტი ვერაფერი დავწერე. საინტერესოა, დედა რას იტყვის.

ჰელგამ მადმუაზელ ირენს სთხოვა, თუ შეიძლება, ფრანგულის გაკვეთილზე ზალდორის გვერდით დავჯდებიო. ირენმა ცივად გაუღიმა, ამის აუცილებლობას ვერ ვხედავო და ახალი ტექსტის კითხვას შეუდგა.

სემესტრის ბოლოს მოსწავლეთა საერთო გამოკითხვაში ჰელგამ და ინგრიდმა წლის ყველაზე ცუდ მასწავლებლად ირენი დაასახელეს. საუკეთესო მასწავლებლად კი მხოლოდ ერთმა მოსწავლემ აირჩია. გამოკითხვა, რა თქმა უნდა, ანონიმური იყო.

დღეს დედაჩემის დაბადების დღეა. ირენმა უჩვეულოდ ადრე დამინიშნა ფრანგულის გაკვეთილი. დედას თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილი საჩუქარი სამზარეულოს მაგიდაზე დავუტოვე, ჩანთაში ფრანგულის სახელმძღვანელო ჩავიდე და სახლიდან გავედი. საინტერესოა, დედა რას მეტყვის, რომ წაკითხავს.

ირენს ლურჯი კაბა ეცვა. სადღაც წამიკითხავს, რომ ქერა ქალებს ლურჯი ფერი უხდებათ. ტყუილია! ირენს არ უხდებოდა! ალბათ, იმიტომ, რომ ბუნებრივად ქერა არ არის.

- ზალდორ, ერთ კვირაში საფრანგეთში ვბრუნდები, ძალიან სარფიანი სამსახური შემომთავაზეს და ამას გარდა, აქ დარჩენა აღარ შემიძლია, მომბეზრდა აქაური სიმყუდროვე. მაპატიე, ადრე რომ არ გითხარი, დარწმუნებული არ ვიყავი... ახლა უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია. შენ იმდენად კარგად იცი ფრანგული, რომ აღარ ვდარდობ, თვითონაც ადვილად გაართმევ თავს. აი, შენ დაპირებული წიგნების სია. მთელს ჩემს ბიბლიოთეკას, რა თქმა უნდა, თან ვერ წავიღებ. ამ სიაში რაც არის, შეგიძლია, ყველა წიგნი აიღო, გჩუქნი. იმედია, წაიკითხავ და მომწერ, როგორ მოგეწონა. ერლინს უკვე ველაპარაკე შენს შესახებ. დამეთანხმა, რომ ფრანგულის გაკვეთილები აღარ გჭირდება და ახლა აჯობებს, ესპანურს მიხედო. ჰო, კიდევ მინდოდა მეთქვა, რომ შენისთანა ნიჭიერი მოსწავლე არასოდეს მყოლია. ერთი სიტყვით, ზალდორ, შენით ვამაყობ! ჩემი გამგზავრებით ქვეყანა არ დაიქცევა, შენ უკვე აღარ გჭირდები.


ფრანგული ენა ასე ცივად არ უნდა ჟღერდეს, მაგრამ ჟღერდა. ირენის ოთახში ისლანდიური პეიზაჟი შემოიჭრა. მისი ფანჯრიდან პირველად შევამჩნიე, რა უბადრუკი სანახავია წვიმიანი რეიკიავიკი.

დედას ჩემი მოთხრობა მოეწონა. მართალია, ცოტა დასახვეწია, ფრაგმენტულია, დაუმთავრებელის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ დამწყები მწერლისთვის გადასარევია. პირდაპირ გამაოცე, არ მეგონა, ასეთი მდიდარი ფანტაზია თუ გქონდაო.

ირენი 28 მაისს გაფრინდა, რეიკიავიკი-პარიზის რეისით. მთელი ერთი წელიწადი გავსწავლიდა ფრანგულს, თუმცა, კლაენგურთან, ჰელგასთან და ინგრიდთან არაფერი გამოუვიდა.

წასაკითხი წიგნების სიას ივნისის დასაწყისში გადავხედე პირველად. სულ 30 ნაწარმოები იყო ჩამოთვლილი.
27. ფრედერიკ ბეგბედერი, ”99 ფრანკი”
28. მიშელ უელბეკი, “ელემენტარული ნაწილაკები”
29. ფილიპ დელერმი, “ლუდის პირველი ყლუპი”
30. ირენ სიგურდსდოტირი, “ავტობიოგრაფია ისლანდიურად”

“ლიბრის ისლენსკუდან” დედამ ჩემს სახელზე მოსული ფუთა მომიტანა. შიგ ჩემი სიის ოცდამეათე რომანი იდო. გამოცემის თარიღს დავხედე. გასაკვირია, ასე სწრაფად როგორ მოახერხა.

2 comments:

  1. მაგარი იყო ძალიან!:) რაღაც მარტივი,მაგრამ ნათელი,ანუ არაფერი არც აკლდა და არც ზედმეტი არ იყო რამე... :)

    ReplyDelete